პოლიტიკური მოძრაობა ,,თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი. აქვს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან, სამთავრობო ინსტიტუტსა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში ის მუშაობდა რეგიონში პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების, დიალოგისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.
2017 წელს მან დააფუძნა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD), რომელშიც აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე. 2009-2017 წლებში იყო ორგანიზაცია – „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (NIMD) წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. 2006-2009 წლებში, ვიდრე ის NIMD/EECMD-ის შეუერთდებოდა, იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორი. 2004-2006 წლებში მუშაობდა სამოქალაქო რეესტრის რეფორმის პირველი ფაზის პროექტის მენეჯერად, რომლის ფარგლებშიც კოორდინაციას უწევდა საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო დაინტერესებულ მხარეებს შორის ურთიერთობას. 2003-2004 წლებში ხელმძღვანელობდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მისიის პროგრამების კოორდინაციის განყოფილებას საქართველოში. 1999-2001 წლებში ჩართული იყო ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” საგანმანათლებლო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მუშაობდა საგანმანათლებლო კანონმდებლობისა და განათლების მართვის გაუმჯობესების მიმართულებით.
მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ჯონს ჰოპკინსის პოლ ნიცზეს სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში. მისი კვლევითი და პროფესიული ინტერესებია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, პოლიტიკური ინსტიტუტებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხები.