2002 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2004 წელს მიენიჭა ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი (LLM). 2013 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე – „სასამართლოს მეგობარი საერთაშორისო სამართალში“ და მიენიჭა კორნელის უნივერსიტეტის იურიდიული მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. (აშშ).
2000–2001 წლებში იყო ორგანიზაცია Project Harmony International-ის საქართველოს ოფისში ოჯახური ძალადობის საზოგადოებრივი თანამშრომლობის პროგრამის ასისტენტი, შემდეგ – ამავე პროგრამის კოორდინატორი. 2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
2013-2016 წლებში იყო დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კანადა). 2015 წლის მაისიდან 2016 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. 2016 წლის ივნისიდან 2018 წლის იანვრამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. 2018-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
2021 წლიდან დღემდე არის პარტია ,,ხალხისთვის“ თავმჯდომარე. წაკითხული აქვს ლექციები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, კემბრიჯის უნივერსიტეტში, ლონდონოს ეკონომიკურ სკოლაში, დიუკის უნივერსიტეტში, ტორონტოს უნივერსიტეტში, ქუინსის უნივერსიტეტში (ჩრდილოეთ ირლანდია), გლაზგოს უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს 4 წიგნი და 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და ანგარიში გარდამავალი პერიოდის მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სამართლის, საერთაშორისო სამართლის საკითხებზე (ინგლისურ და ქართულ ენებზე). მიღებული აქვს მრავალი პროფესიული სტიპენდია და ჯილდო, მათ შორის ატლანტიკ ბრიუკეს „ახალგაზრდა ევროპელი ლიდერი“ (2009), იყო კორნელის უნივერსიტეტის სრული სადოქტორო სტიპენდიანტი, ატლანტიური აკადემიის, ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის, კოლუმბიის უნივერსიტეტის და სტენფორდის უნივერსიტეტის, ბრიტანეთის საერთაშორისო და შედარებითი სამართლის ცენტრის მოწვეული მკვლევარი.