“ლელოს“ ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა, საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება–გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე, რომელშიც ევროკავშირის ასოცირებული ტრიოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პანელური დისკუსიის ფარგლებში იმსჯელეს კანდიდატი ქვეყნებისთვის საერთო ინტერესის ისეთ საკითხებსა და გამოწვევებზე, როგორებიცაა მართლმსაჯულების რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, თავისუფალი მედია და სამოქალაქო საზოგადოების როლი ევროინტეგრაციის პროცესში.
სიტყვით გამოსვლისას ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების აუცილებლობაზე, ასევე, პერსონალური სანქციების საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების უკანონო და არადემოკრატიული მოქმედებების საპასუხოდ.
„ლელოს“ დეპუტატმა ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებელი და ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.