კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ანა დოლიძემ, კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად გამართა ამომრჩევლებთან თემატური შეხვედრა, რომელიც ეხებოდა ქალების საჭიროებებს.
ანა დოლიძის განცხადებით, ქალებისა და მამაკაცების უთანასწორობის ქართული კულტურით გამართლება კოლონიალისტური მიდგომაა:
„თქვენ, რომ შეხედოთ მსოფლიოს, ეს ორი საკითხი ერთმანეთს ემთხვევა. ყველაზე მდიდარი, ყველაზე უსაფრთხო, კეთილდღეობაში მყოფი სკანდინავიის ქვეყნებია, მათ ასევე აქვთ არაჩვეულებრივად უზრუნველყოფილი ქალების ეკონომიკური უფლებები, ქალების სიმდიდრე, შრომა, დეკრეტული შვებულება და ა.შ. ამ ტიპის საზოგადოებისკენ მივისწრაფვით ჩვენ.
ის, რომ საქართველოში ქალების მდგომარეობა არ არის კარგი, არის ხოლმე ახსნილი და გამართლებული ვითომ ქართული კულტურით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კოლონიალური და იმპერიალისტური მიდგომაა, რომ კიდევ მორიგი მიზეზი ნახონ იმის სათქმელად, რომ ქართველები ცუდები ვართ. სინამდვილეში 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციაში სწორედ ნორვეგიასთან, დანიასთან და შვედეთთან ერთად, ეს კონსტიტუცია იყო პირველი, რომელმაც უზრუნველყო ქალისთვის ხმის მიცემის უფლება. ჩვენს მერე იყო ჰოლანდია, აშშ და ძალიან ბევრი დღეს განვითარებული ქვეყანა. საქართველოს შეუძლია იყოს პროგრესული სახელმწიფო“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მოსახლეობასთან შეხვედრისას ანა დოლიძემ ქვეყანაში ოჯახური ძალადობის ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ “ძლიერი საქართველოს” პრიორიტეტია, გაძლიერდეს სოციალური სამსახური.