მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო−ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წესდება.


პრეამბულა

„ძლიერი საქართველო−ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომლის მიზნებსაც წარმოადგენს სახელმწიფოში ისეთი სახელისუფლებო მექანიზმის განმტკიცება, რომელიც იმართება კონსტიტუციის, დემოკრატიული საპარლამენტო სტანდარტებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიხედვით; ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, პროგრესული სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკური თავისუფლების დაბალანსებული  სამართლებრივი და ინსტიტუციური გარანტიების ჩამოყალიბება; ქვეყნის მრავალპარტიული სისტემის განვითარებაში მონაწილეობა; საქართველოს რეგიონული, კულტურული, სოციალური, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის სისტემური პოლიტიკის შემუშავება; სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; ქვეყნის სრულ დეოკუპაციამდე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ქმედითი და პასუხისმგებლობიანი ღონისძიებების გატარება; საქართველოს ეკოლოგიურ სისტემაზე ზრუნვა; საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. პარტიის ამოცანები გამომდინარეობს ზემოხსენებული მიზნებიდან, რომელთა განსახორციელებლადაც ის იყენებს საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამის ყველა დემოკრატიულ ფორმას.


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.1.  „ძლიერი საქართველო−ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ არის საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (შემდგომში-პარტია), რომლის საქმიანობაც დამყარებულია შემდეგ პრინციპებზე:

ა) პარტიაში გაწევრიანებისა და პარტიიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;

ბ) დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა;

გ) არჩევითობა და ანგარიშვალდებულება;

დ) პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა.

1.2. პარტიის სამართლებრივი ფორმა არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

1.3. პარტიის საქმიანობა ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

1.4. პარტია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესდებისა და პარტიის ხელმძღვანელი პირებისა და ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.

1.5. პარტიას აქვს განკერძოებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საქართველოს საბანკო დაწესებულებებში. პარტიას აქვს საკუთარი ბეჭედი და

ბლანკი. პარტია უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს ქონება და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.

1.6. პარტიის სრული სახელწოდება არის „ძლიერი საქართველო−ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“.

1.7. პარტიის იურიდიული მისამართია: რკინიგზის ცენტრალური ვაგზალი, ნაკვეთი 05/107,  ქ. თბილისი,  საქართველო.

მუხლი 2. პარტიის წევრობა

2.1. პარტიაში გაწევრიანება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქის თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე.

2.2. პარტიის წევრი შეიძლება გახდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იზიარებს პარტიის ღირებულებებსა და მიზნებს, მათი განხორციელების ფორმებს, ეთანხმება მის წესდებას და მზადაა ხელი შეუწყოს პარტიის მიზნებისა და პოლიტიკური კურსის განხორციელებას.

2.3. პარტიის წევრი იმავდროულად  არ შეიძლება იყოს სხვა პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ახორციელებდეს  საქმიანობას, რომელიც  კანონით  შეუთავსებელია პარტიის წევრობასთან.

2.4. დაუშვებელია პარტიის წევრობის შეზღუდვა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიური მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2.5. პარტიაში გაწევრიანებისთვის მსურველმა უნდა მიმართოს პარტიის შესაბამის ადგილობრივ ორგანიზაციას ან სამდივნოს და  შეავსოს განცხადების ფორმულარი. შესაბამისი ორგანიზაცია ან სამდივნო ერთი თვის ვადაში განიხილავს პირის განცხადებას და გადაწყვეტილებას გადასცემს პარტიის  ცენტრალურ აპარატს. პარტიის ცენტრალური აპარატი წევრად მიღების ან წევრად მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას ატყობინებს დაინტერესებულ პირს.

2.6. პარტიიდან გასვლა ნებაყოფლობითია. პარტიიდან გასვლის თაობაზე პარტიის წევრი წერილობით აცნობებს შესაბამის ადგილობრივ ორგანიზაციას ან სამდივნოს რომელიც აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ცენტრალურ აპარატს. წევრი პარტიიდან გასულად ითვლება მის მიერ განცხადების წარდგენის დღიდან.

2.7. პარტიის წევრს უფლება აქვს:

ა) აქტიური მონაწილეობა მიიღოს პარტიის მიზნების განხორციელებაში;

ბ) აირჩიოს პარტიის თანამდებობის პირები და პარტიის ორგანოები;

გ)არჩეულ იქნეს პარტიის თანამდებობის პირად ან პარტიის ორგანოს წევრად;

დ) წერილობით მიმართოს პარტიის შესაბამის ორგანოს ან თანამდებობის პირს და გონივრულ ვადაში მიიღოს პასუხი;

ე) პარტიის ამოცანების განსახორციელებლად დადგენილი წესით ისარგებლოს პარტიის მატერიალური ტექნიკური ბაზით.

2.8. პარტიის წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას წინამდებარე წესდება და პარტიის შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული აქტები და შეასრულოს პარტიის ხელმძღვანელ პირთა კანონიერი გადაწყვეტილებები;

ბ) გადაიხადოს საწევრო შენატანი, ასეთის დაწესების შემთხვევაში, განსაზღვრულ დროსა და ოდენობით;

გ) აქტიურად შეუწყოს ხელი პარტიის პოლიტიკური კურსის განხორციელებას, მისი საქმიანობის პოპულარიზაციასა და იდეების გავრცელებას;

დ) მონაწილეობა მიიღოს პარტიის საარჩევნო კამპანიაში;

ე) საქართველოს პარლამენტში, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში არჩევის შემთხვევაში, გაწევრიანდეს პარტიის წარდგენით არჩეულ წევრთა მიერ ან მათი მონაწილეობით შექმნილ ფრაქციაში;

ვ) არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება პარტიის პოლიტიკურ კურსს ან ახდენს პარტიის დისკრედიტაციას;

ზ) საჭიროებისამებრ, ანგარიში ჩააბაროს პარტიის შესაბამის ორგანოებს;

თ) გაუფრთხილდეს პარტიის ქონებას;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პარტიის წევრობასთან შეუთავსებლობის რომელიმე მიზეზის დადგომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პარტიის სამდივნოს.

2.9. ზემოხსენებული ვალდებულებების დარღვევისას, მათი ინტენსივობისა და სიმძიმის გათვალისწინებით, პარტიის წევრის წინააღმდეგ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა)სიტყვიერი გაფრთხილება;

ბ) წერილობითი გაფრთხილება;

გ) წერილობითი საყვედური;

დ) პარტიიდან გარიცხვა.

2.10. გაფრთხილებისა და საყვედურის გამოცხადების უფლება აქვს პარტიის შესაბამისი ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელ ორგანოს ან პარტიის სამდივნოს, ხოლო პარტიიდან გარიცხვას, ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს ან გენერალური მდივნის წინადადების საფუძველზე, ახორციელებს პარტიის სამდივნო. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დასაბუთებული უნდა იყოს. პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება შესაძლებელია 14 დღის ვადაში გასაჩივრდეს პოლიტიკურ საბჭოში. საჩივარს პოლიტიკური საბჭო დასკვნისთვის გადასცემს სარევიზიო კომისიას და სარევიზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას.

2.11. პარტიის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პარტიიდან გასვლა;

ბ) პარტიის წევრობასთან შეუთავსებლობის კანონით გათვალისწინებული გარემოების დადგომა (ასეთ შემთხვევაში პირს პარტიის წევრობა უწყდება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან);

გ) პარტიიდან გარიცხვა;

დ) წევრის გარდაცვალება.

2.12. პარტიის წევრობის შეწყვეტა ნიშნავს პარტიაში დაკავებული ნებისმიერი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტას. 

2.13. პარტიის საწევრო შენატანის ოდენობასა და გადახდის წესს, აგრეთვე წევრობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს პარტიის პოლიტიკური საბჭო.

მუხლი 3. პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურა

3.1. პარტიის უმაღლესი  ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის წევრთა ყრილობა.

3.2.პარტიის აღმასრულებელი ორგანოა პარტიის პოლიტიკური საბჭო.

3.3. პარტიის მაკონტროლებელი ორგანოა სარევიზიო კომისია.

3.4. პარტიის ყოველდღიური საქმიანობის წარმმართველი ორგანოა პარტიის სამდივნო.

3.5.  პარტიის თანამდებობის პირებია: პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანიდა მდივნები, პარტიის ორგანიზაციათა თავმჯდომარეები.

3.6. საქართველოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ასევე ქალაქ თბილისსა და მის რაიონებში შეიძლება შეიქმნას  პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციები. იქ, სადაც არ არის დაფუძნებული ადგილობრივი ორგანიზაცია, პარტიის გენერალური მდივნის წარდგინებით პოლიტიკურ საბჭოს შეუძლია პარტიის წარმომადგენლობის შექმნა.

3.7. პარტიაში შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა მიმართულების ორგანიზაცია, რომელთა შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო.

3.8. პარტიის ორგანიზაციებს არ აქვთ იურიდიული პირის სტატუსი. 

მუხლი 4. პარტიის წევრთა ყრილობა

4.1. პარტიის წევრთა ყრილობა (შემდგომში-ყრილობა) არის პარტიის უმაღლესი წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელი ორგანო.

4.2. მორიგი ყრილობა პოლიტიკური საბჭოს მიერ მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით. ყრილობა უფლებამოსილია დღის წესრიგს დაუმატოს სხვა საკითხებიც დელეგატთა 10%-ის მოთხოვნის საფუძველზე.

4.3. რიგგარეშე ყრილობის მოწვევის უფლება აქვს პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოს ან  არანაკლებ 10 ადგილობრივ ორგანიზაციას  წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით . ყრილობა უფლებამოსილია დღის წესრიგს დაუმატოს სხვა საკითხებიც დელეგატთა 10%-ის მოთხოვნის საფუძველზე.

4.4. ყრილობაზე მოწვეული უნდა იყოს არანაკლებ 200 დელეგატისა. ყრილობის დელეგატები არიან: პარტიის თავმჯდომარე; პოლიტიკური საბჭოს წევრები; სამდივნოს წევრები; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანოსა  და საქართველოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩეული პარტიის წევრები; პარტიის სარევიზიო კომისიის წევრები; პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები; პარტიის ორგანიზაციების თავმჯდომარეები, აგრეთვე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირებად/წევრებად არჩეული და/ან დანიშნული პარტიის წევრები. ყრილობის დელეგატთა

კვოტების განსაზღვრის წესს ამზადებს სამდივნო და წარუდგენს პოლიტიკურ საბჭოს დასამტკიცებლად.

4.5. ყრილობა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი. ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე დელეგატთა უმრავლესობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე წესდებით სხვა რამ არის დადგენილი.

4.6. ყრილობის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) პარტიის წესდების მიღება, მასში ცვლილების შეტანა;

ბ) პარტიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გათავისუფლება;

გ) პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრების არჩევა და გათავისუფლება;

დ) პარტიის სარევიზიო კომისიის წევრების არჩევა და გათავისუფლება;

ე) პარტიის თავმჯდომარის, პოლიტიკური საბჭოს, გენერალური მდივნისა და სარევიზიო კომისიის ანგარიშების მოსმენა

ვ) საჭიროებისამებრ, ცალკეული თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენა;

ზ) პარტიის რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

თ) კანონით, ამ წესდებითა და პარტიის სხვა აქტებით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

4.7. ყრილობის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ ყრილობის თავმჯდომარე და ყრილობის მდივანი.

მუხლი 5. პარტიის პოლიტიკური საბჭო

5.1. პარტიის აღმასრულებელი ორგანოა პოლიტიკური საბჭო, რომელიც ყრილობებს შორის პერიოდში ხელმძღვანელობს პარტიას.

5.2. პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შედიან პარტიის თავმჯდომარე და ყრილობის მიერ 4 წლის ვადით არჩეული არაუმეტეს 20წევრისა.  პოლიტიკური საბჭო უფლებამოსილებას შეიძენს, თუ არჩეული იქნება მისი სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პოლიტიკური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოწვეულ იქნეს პარტიის არა უმეტეს 5 წევრისა.

5.3. პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატად თავისი თავის დასახელების უფლება აქვს ყრილობის ნებისმიერ დელეგატს, თუ მის წარდგენას მხარს უჭერს ყრილობის არანაკლებ 20 დელეგატისა, რაც მათივე ხელმოწერით უნდა დასტურდებოდეს. კანდიდატი სარეგისტრაციოდ უნდა წარედგინოს პოლიტიკური საბჭოს მიერ შექმნილ ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტს ყრილობის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 დღისა.  პოლიტიკური საბჭოს წევრებს ყრილობა ფარული კენჭისყრით ირჩევს. საარჩევნო ბიულეტენში თანამიმდევრობით იწერება ყველა კანდიდატის ანბანურად დალაგებული გვარი და სახელი. კენჭისყრის დროს თითოეულ დელეგატს შეუძლია მხარი დაუჭიროს არანაკლებ  14 და არაუმეტეს 20 წარმოდგენილ კანდიდატს. პოლიტიკური საბჭოს წევრად არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგის მქონე 20 კანდიდატი. რამდენიმე კანდიდატის მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში, თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა უდავოდ არჩეულ პირთა გამოვლენის შემდეგ დარჩენილ ვაკანტურ ადგილთა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, საბჭოს წევრად არჩეული (არჩეულები) წილისყრით გამოვლინდება.

5.4. პოლიტიკურ საბჭოს ხელმძღვანელობს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს პოლიტიკური საბჭო. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პოლიტიკური საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან პარტიის თავმჯდომარის ან პოლიტიკური საბჭოს სიითი შემადგენლობის 1/3-ის ინიციატივით, მისი არჩევისთვის დადგენილი წესით.

5.5. პოლიტიკური საბჭოს  თავმჯდომარე:

ა) უძღვება პოლიტიკური საბჭოს საქმიანობასა და სხდომებს;

ბ) ახორციელებს პარტიის თავმჯდომარის მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს;

გ) ახორციელებს ამ წესდებითა და პარტიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

5.51. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს პოლიტიკური საბჭო. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პოლიტიკური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

5.6. პოლიტიკური საბჭოს სხდომები პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის მოწვევით ტარდება  ორ თვეში ერთხელ ან რიგგარეშედ.

5.7. პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან პოლიტიკური საბჭოს წევრთა არანაკლებ მესამედი უფლებამოსილია შესაბამისი დღის წესრიგით მოიწვიოს პოლიტიკური საბჭოს რიგგარეშე სხდომა.

5.8. პოლიტიკური საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების გაყოფის შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარე სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.

5.9. პოლიტიკური საბჭოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) ყრილობის გადაწყვეტილებათა აღსრულება;

ბ) პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევა და გათავისუფლება;

გ) ყრილობის მოწვევის, ჩატარების, საქმიანობის წესისა და პროცედურის, აგრეთვე ყრილობის დელეგატთა კვოტების განსაზღვრა;

დ) პარტიის სახელით მიმართვებისა და განცხადებების გაკეთება;  

ე) პარტიის პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი სტრატეგიული და პროგრამული დოკუმენტების დამტკიცება;

ვ) პარტიის ორგანიზაციების, ინტერესთა ჯგუფების, ასოციაციების შექმნისა და საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ზ) პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით, გენერალური მდივნის, ხოლო გენერალური მდივნის წარდგინებით მდივნების არჩევა და გათავისუფლება;

თ) პარტიის ორგანიზაციათა კონფერენციების შედეგების განხილვა

ი) ნებისმიერი დონის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

კ) საპარლამენტო, ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობით ორგანოსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციებისა და კოალიციის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ლ) საპარლამენტო, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში წარსადგენი კანდიდატებისა და პარტიული სიის დამტკიცება;

მ) საარჩევნო შტაბის ფორმირებისა და შტაბის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ნ) პოლიტიკური საბჭოს რეგლამენტის, სარევიზიო კომისიის, პარტიის სამდივნოსა,ცენტრალური აპარატისა და ლიდერთა სათათბიროს დებულებათა დამტკიცება და მათში ცვლილების შეტანა;

ო) პარტიის ბიუჯეტის დამტკიცება;

პ) პარტიის საწევრო შენატანის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა;

ჟ) გადაწყვეტილების მიღება პირთა საჩივრებზე, რომლებიც შეეხება პარტიიდან გარიცხვას;

რ) პარტიის ორგანიზაციების დებულებათა დამტკიცება;

ტ) კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

უ) გენერალური მდივნის, მდივნების, პარტიის ორგანიზაციათა ხელმძღვანელების ანგარიშების, პარტიის თავმჯდომარისა  და სარევიზიო კომისიის ინფორმაციის მოსმენა;

ფ) კანონმდებლობით, ამ წესდებითა და პარტიის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა აღსრულება, აგრეთვე იმ საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც არ მიეკუთვნება პარტიის სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირის კომპეტენციას.

5.10. პოლიტიკური საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი პარტიული თანამდებობის დატოვების, პარტიის წევრობის შეწყვეტის, ყრილობის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების, ყრილობის მიერ პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევის,პოლიტიკური საბჭოდან გასვლის  ან გარდაცვალების მომენტიდან.5.11. პოლიტიკური საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება პოლიტიკური საბჭოს რეგლამენტით.

მუხლი 6. პარტიის სარევიზიო კომისია

6.1. პარტიის მაკონტროლებელი ორგანოა სარევიზიო კომისია.

6.2. სარევიზიო კომისია შედგება არანაკლებ 5 წევრისაგან.

6.3. სარევიზიო კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს ყრილობა. სარევიზიო კომისიის წევრის წარდგენის უფლება აქვს ყრილობის არანაკლებ 20 დელეგატს.

6.4. სარევიზიო კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს.

6.5. სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს პარტიის თანამდებობის პირი ან პოლიტიკური საბჭოს წევრი.

6.6. სარევიზიო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სარევიზიო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.

6.7. სარევიზიო კომისიის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:

ა) პარტიის საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია;

ბ) პარტიის საფინანსო საქმიანობის კონტროლი;

გ) პარტიის წევრთა აღრიცხვიანობის კონტროლი;

დ) პარტიის შიდა რეგულაციების დაცვაზე საჩივრების განხილვა;

ე) პარტიის წევრის გარიცხვის თაობაზე პირთა საჩივრების განხილვა;

ვ) პარტიის წესდების, პოლიტიკური საბჭოს რეგლამენტის,  პარტიის სტრუქტურული ერთეულებისა და პარტიის ორგანიზაციათა დებულებების შესრულების კონტროლი;

ზ) პარტიის თავმჯდომარისთვის ან პოლიტიკური საბჭოსთვის რიგგარეშე ყრილობის მოწვევის წინადადებით მიმართვა.

6.8. სარევიზიო კომისია თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშსა და რეკომენდაციებს წარუდგენს პარტიის ყრილობას, წელიწადში ერთხელ ინფორმაციას წარუდგენს პოლიტიკურ საბჭოს.

6.9. სარევიზიო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება ყრილობის მიერ სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობის არჩევის, სარევიზიო კომისიის წევრობიდან გათავისუფლების, პარტიის წევრობის შეწყვეტის, გადადგომის ან გარდაცვალების მომენტიდან.

6.10. სარევიზიო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება სარევიზიო კომისიის დებულებით.

მუხლი 7. პარტიის თავმჯდომარე

7.1. პარტიის თავმჯდომარე არის პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირი.

7.2. პარტიის თავმჯდომარეს 4 წლის ვადით ირჩევს ყრილობა. პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად თავისი თავის დასახელების უფლება აქვს ყრილობის ნებისმიერ დელეგატს, თუ მის წარდგენას მხარს უჭერს ყრილობის არანაკლებ 50 დელეგატისა, რაც მათივე ხელმოწერით უნდა დასტურდებოდეს. კანდიდატი სარეგისტრაციოდ უნდა წარედგინოს პოლიტიკური საბჭოს მიერ შექმნილ ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტს ყრილობის ჩატარებამდე არაუგვიანეს 10 დღისა.  თუკი წარმოდგენილ კანდიდატთაგან ვერც ერთმა მიიღო დამსწრე დელეგატთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა, ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი გადადის არჩევნების მეორე ტურში. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს. კენჭისყრა ტარდება ფარული წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ერთი კანდიდატი.

7.3. პარტიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს პარტიას;

ბ) ხელმძღვანელობს პარტიის ლიდერთა სათათბიროს;

გ) უფლებამოსილია შექმნას მრჩეველთა საბჭო;

დ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შესრულებას;

ე) აკეთებს მიმართვებსა და პოლიტიკურ განცხადებებს პარტიის სახელით;

ვ) პოლიტიკურ საბჭოს წარუდგენს გენერალური მდივნისა კანდიდატურას;

ზ) პოლიტიკურ საბჭოს ასარჩევად წარუდგენს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურას და წინადადებას მისი გათავისუფლების შესახებ;

თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განკარგავს პარტიის ფულად სახსრებსა და ქონებას;

ი) პარტიის სახელით ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტაციას;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, წინამდებარე წესდებითა და პარტიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

7.4. პარტიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება გადადგომის, უფლებამოსილების ვადის გასვლის, თანამდებობიდან გათავისუფლების, პარტიის წევრობის შეწყვეტის ან გარდაცვალების შემთხვევაში. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში პარტიის პოლიტიკური საბჭო სამი თვის ვადაში იწვევს რიგგარეშე ყრილობას, რომელზედაც აირჩევა ახალი თავმჯდომარე. პარტიის თავმჯდომარის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე.

მუხლი 8. პარტიის გენერალური მდივანი და სამდივნო

8.1. პარტიის ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს პარტიის სამდივნო.

8.2. პარტიის სამდივნოს ხელმძღვანელია პარტიის გენერალური მდივანი.

8.3. პარტიის სამდივნოში შედიან გენერალური მდივანი, და მდივნები.

8.4. პარტიის გენერალურ მდივანს პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარტიის პოლიტიკური საბჭო.

8.5. პარტიის გენერალური მდივანი:

ა) ხელმძღვანელობს ცენტრალურ აპარატს;

ბ) ზედამხედველობს პარტიის სხვადასხვა მიმართულების ორგანიზაციათა საქმიანობას;

გ) პარტიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, პოლიტიკურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს პარტიის ბიუჯეტის პროექტს;

დ) პოლიტიკურ საბჭოს წარუდგენს პარტიის სხვადასხვა მიმართულების ერთეულებისა და სამსახურების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს;

ე) პოლიტიკურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სამდივნოსა და ცენტრალური აპარატის დებულებებს;

ვ) თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს პარტიას მესამე პირებთან და ახორციელებს თავმჯდომარის მიერ დელეგირებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ზ) ახორციელებს წინამდებარე წესდებითა და პარტიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

8.6. მდივნები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უძღვებიან პარტიის საქმიანობის მიმართულებებს.

8.7. პარტიის ადმინისტრაციულ საქმიანობას ახორციელებს პარტიის ცენტრალური აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი.

8.8. პარტიის სამდივნოსა და ცენტრალური აპარატის საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებებით, რომელსაც ამტკიცებს პარტიის პოლიტიკური საბჭო.

მუხლი 9. პარტიის ლიდერთა სათათბირო

9.1. პარტიის ხედვების, კონცეფციის, პროგრამული დოკუმენტების ჩამოყალიბების, განხილვისა და პოპულარიზაციის, პარტიულ საქმიანობაში ჩართულობის ხარისხის გაზრდის მიზნით იქმნება ლიდერთა სათათბირო.

9.2. ლიდერთა სათათბიროს შემადგენლობაში შედიან პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები; პარტიის სამდივნოს წევრები; საქართველოს პარლამენტისა და ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრად არჩეული  პარტიის წევრები;  მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტიის პარტიული ჯგუფების ხელმძღვანელები; პარტიის ადგილობრივი და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები; აგრეთვე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირებად/წევრებად არჩეული და/ან დანიშნული პარტიის წევრები.

9.3. ლიდერთა სათათბიროს ხელმძღვანელობს პარტიის თავმჯდომარე.

9.4. ლიდერთა სათათბირო მოიწვევა 6 თვეში ერთხელ მაინც.

9.5. ლიდერთა სათათბირო:

ა) ისმენს პოლიტიკური საბჭოს გეგმებს;

ბ) ისმენს პარტიის თავმჯდომარის გეგმებს;

გ) ისმენს პოლიტიკური საბჭოს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას;

დ) ისმენს პარტიის თავმჯდომარის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს პარტიის საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ.

9.6. ლიდერთა სათათბიროს მუშაობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარტიის პოლიტიკური საბჭო.

მუხლი 10. პარტიის ქონება და ფინანსები

10.1. პარტიის ქონებისა და ფინანსების ფორმირება ხდება:

ა) საწევრო შენატანებით;

ბ) შემოწირულობებით;

გ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრებით;

დ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

10.2. პარტიას საკუთარი ამოცანების განხორციელებისათვის შეიძლება ჰქონდეს უძრავი და მოძრავი ქონება, რომლის განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ საწესდებო მიზნების განსახორციელებლად.

მუხლი 11. პარტიის წესდების ცვლილება

11.1.  პარტიის წესდების მიღების, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის უფლება აქვს მხოლოდ პარტიის წევრთა ყრილობას.

11.2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ყრილობის დელეგატთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

მუხლი 12. პარტიის რეორგანიზაცია და თვითლიკვიდაცია

12.1. პარტიის საქმიანობის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ რეორგანიზაციითა და თვითლიკვიდაციით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებასაც იღებს პარტიის წევრთა ყრილობა.

12.2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ყრილობის დელეგატთა სრული შემადგენლობის  უმრავლესობის მხარდაჭერა.

12.3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარტიის ქონების განაწილება ხდება კანონმდებლობისა და ყრილობის გადაწყვეტილების შესაბამისად.

მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი

13.1. წინამდებარე წესდება მიიღება პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე დელეგატთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით.

13.2. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარისა და სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვს პარტიის დამფუძნებელთა საინიციატივო ჯგუფს, ხოლო პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატებისა –  პარტიის თავმჯდომარეს.

13.3. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე 13.2. პუნქტით გათვალისწინებული პირები აირჩევიან ღია კენჭისყრით, დამსწრე დელეგატთა უმრავლესობით.

13.4. პოლიტიკური საბჭოს რეგლამენტს, აგრეთვე პარტიის სამდივნოს, ცენტრალური აპარატის, ლიდერთა სათათბიროსა და პარტიის ორგანიზაციების დებულებებს შეიმუშავებენ და ამტკიცებენ პარტიის შესაბამისი ორგანოები პარტიის მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა რეესტრში რეგისტრაციიდან 3 თვის ვადაში.