ჩვენ შესახებ
რა აერთიანებს “ძლიერ საქართველოს”? ჩვენ ვერთიანდებით თავისუფლების, განვითარებისა და პატრიოტიზმის იდეალებით, რათა ქვეყანამ დაძლიოს მრავალმხრივი კრიზისი, დაადგეს აღმავლობის შეუქცევად გზას და დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობაში. ჩვენ ვქმნით რეალურ ალტერნატივას. ჩვენ უარს ვამბობთ პოლიტიკური ბრძოლის არაცივილიზებულ მეთოდებზე. მიგვაჩნია, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება ხელაღებით არ უნდა უარყოფდეს წინამორბედთა პოზიტიურ მიღწევებს. ჩვენ ვამკვიდრებთ დიალოგისა და თანამშრომლობის კულტურას, რადგან გვწამს, რომ დემოკრატია, სახელმწიფობრივი აღმშენებლობა და მოქალაქეთა კეთილდღეობა მხოლოდ სამოქალაქო თანხმობით არის შესაძლებელი. ჩვენ გვწამს, რომ პატრიოტიზმი, თავისუფლება, ეროვნული და სამოქალაქო ღირებულებები ერთმანეთს ავსებს და სახელმწიფოს საძირკველს წარმოადგენს.
პარტიის ხედვა
“ძლიერი საქართველო” არის პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანია ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა ახალი ხედვითა და ამბიციით. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო უნდა გახდეს წამყვანი რეგიონალური სახელმწიფო, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გლობალურ თანამეგობრობაში. ჩვენი მიზანია მოქალაქეების უსაფრთხოება და კეთილდღეობა და ამისთვის საქართველოს უმოკლეს დროში გაწევრიანება ევროპულ კავშირსა და NATO-ში. ჩვენ გვწამს, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფო ემყარება ძლიერ მოქალაქეს და საზოგადოებას. ჩვენ გვწამს, რომ სახელმწიფოს სწორმა პოლიტიკამ ადამიანებს უნდა მისცეს განვითარებისა და საკუთარი თავის რეალიზების საშუალება. ჩვენ გვწამს კანონის უზენაესობის, თანასწორი უფლებების, თავისუფლების და მივესწრაფვით სახელმწიფოს, სადაც ყველა ადამიანი რეალიზებულია. ჩვენი მიზანია ახალი ეპოქისათვის მომზადებული ძლიერი ქართული სახელმწიფო; ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, მდგრადი ეკონომიკისა და ძლიერი საშუალო ფენის შექმნა ახალი დროის გამოწვევების საპასუხოდ. ჩვენი უმთავრესი მიზანია შენი გამარჯვება!